გამკაცრებული რეგულაციები

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო დაწესებული შეზღუდვების გაფართოების გადაწყვეტილებებზე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო ეკონომიკური ბიზნესსაქმიანობის გაკონტროლების საკითხებს. შეხვედრას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში გასატარებელი ღონისძიებები დაგეგმეს. რაც შეეხება სანქციებს, რეგულაციების დარღვევის გამო თავდაპირველად ბიზნესსუბიექტის გაფრთხილება მოხდება, შემდეგ ეტაპზე კი ყველა იმ სუბიექტს დააჯარიმებენ, რომლებიც არანებადართულ საქმიანობას ახორციელებენ.