გამკაცრებული კანონმდებლობა

რეპრესიების გაგრძელებად მიიჩნევენ ოპოზიციაში „აქციების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. მათი თქმით, ხელისუფლებას ეშინია და ამ ნაბიჯით მოქალაქეების დაშინებას ცდილობენ. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება გუშინ პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე აიკრძალება მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში, აგრეთვე აიკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება. ჯარიმის ნაცვლად პატიმრობა იქნება განსაზღვრული ძალადობრივი ქმედებების საჯარო მოწოდებებზე. პოლიციელებზე ძალადობის თუ მუქარის ფაქტებზე კი პატიმრობის ვადები გაიზრდება.