საქართველოს ეროვნულ კინოაკადემიაში გამგეობის სხდომა დასრულებულია.
სხდომას ბორდის 17 წევრიდან 13 დაესწრო და გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. გამგეობამ სრულად გაიზიარა ის განცხადება, რომელიც გუშინ კინოაკადემიის წევრებმა და კინემატოგრაფისტებმა შეადგინეს. განცხადებაში დაგმობილია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა და კონსტიტუციურად განსაზღვრული კურსიდან გადახვევა, სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობა და გაჟღერებულია ორი ძირითადი მოთხოვნა: ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები. ბორდის წევრების შეკრება და კინოაკადემიის, როგორც ინსტიტუციის მხრიდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირება კინოაკადემიის წევრებმა და კინემატოგრაფისტებმა გუშინ მოითხოვეს.