„გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და პრეზიდენტის ვეტო

სადავო კანონპროექტზე ნეგატიური საერთაშორისო გამოხმაურება არ წყდება.

სულ უფრო მკაცრდება პრეზიდენტის ტონიც. ხელისუფლების მხრიდან დაძლევის ბერკეტების არსებობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, რომ მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ვეტო დაადოს. მწვავე კრიტიკის და მოწოდებების ფონზე უკან დახევას ამჯერად არ აპირებს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო განხილვებისას ყველა ოპონენტს შინაარსობრივ დისკუსიაში იწვევს და არგუმენტებს ითხოვს, თუ რატომ ცხადდება „რუსულ კანონად“ ინიციატივა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ ფინანსური დეკლარაციების წარდგენას და უცხოური ძალის ინტერესის წარმომადგენლად დარეგისტრირებას ავალდებულებს.

ვეტოზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება და მას პოლიტიკური ბრძოლისთვის მნიშვნელოვან ბერკეტად მიიჩნევს ოპოზიცია.