„გამჭვირვალობის კანონპროექტი“ და აქციები

შარშანდელისგან განსხვავებით, პროტესტის პირველი დღე საპოლიციო საშუალებების გამოყენების გარეშე დასრულდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გუშინდელ აქციაზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა ადგილზე შეკრებილებს პარლამენტის გარშემო წრის დარტყმისკენ მოუწოდა. დემონსტრანტების ნაწილმა საკანონმდებლო ორგანოს შენობის გვერდით ქუჩებზე გადაინაცვლა. ამ დროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა ჯერ ისევ მიმდინარეობდა. ერთი წლის წინანდელი მოვლენების მსგავსად, ამჯერადაც ცენტრალურ გამზირზე პოლიციის დანაყოფების განსაკუთრებული მობილიზება იყო. პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე პოლიციის კორდონების გარღვევის რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. გაისმა რამდენიმე გაფრთხილება აქციის მონაწილეების მისამართით.