„გამარჯვებული საქართველოს“ განცხადება

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ინფორმაციით, კობა კოშაძის საქმეში არსებულ მთავარ მტკიცებულებაზე, ცეცხლსასროლ იარაღზე დაკავებულის თითის ანაბეჭდები და „დეენემის“ კვალი არ აღმოჩნდა, რასაც ორი ექსპერტიზა ადასტურებს.

საკითხზე დღეს გურამ ჩალაგაშვილმა ილაპარაკა. მისი განცხადებით, პარტიის წევრებს აქვთ იმ ოთხი პოლიციელის პირადი ინფორმაცია, რომელთა ჩვენების საფუძველზეც დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი და მძღოლი. ჩალაგაშვილი მოუწოდებს ამ პოლიციელებს, ჩვენება მისცენ გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია  მათ შესახებ ინფორმაციას გაასაჯაროვებს. „გამარჯვებული საქართველო“ მიმართავს გენერალურ პროკურატურასაც და კოშაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, კობა კოშაძე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. აღმკვეთ ღონისძიებად მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.