„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიას ვაშაძე უხელმძღვანელებს

„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის მენეჯერის პოსტზე, გიორგი ვაშაძე დაინიშნა. ამის შესახებ განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, ლევან ხაბეიშვილმა თანაგუნდელებთან ერთად გააკეთა. მისი განცხადებით, გიორგი ვაშაძეს აქვს გუნდური მუშაობის უნარი, შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მან უხელმძღვანელოს „გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიას. მისივე თქმით, იწყება მუშაობა მძლავრი კოალიციის ფორმირებაზე.

თავად გიორგი ვაშაძის განცხადებით კი კოალიციის გაფართოების მიზნით ინტენსიური შეხვედრები დაიწყება. მისივე თქმით, პლატფორმის მთავარი მიზანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. ბრიფინგის ბოლოს ჟურნალისტებმა ლევან ხაბეიშვილს ჰკითხეს, პლატფორმის კამპანიის მენეჯერის პოსტზე გიორგი ვაშაძის დანიშვნა ხომ არ ნიშნავს ძალაუფლების გადაბარებას, რაზეც ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ის მიესალმება პლატფორმაში საქმეთა გადანაწილებას.