გალაქტიკა #კოსმოსი

ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე, რომელიც მზის სისტემის ნაწილია. ალბათ გაინტერესებთ, სად არის მოქცეული თავად ჩვენი მზის სისტემა? ის გალაქტიკა ირმის ნახტომის ერთი რიგითი, ციცქნა ვარსკვლავია.

გალაქტიკა არის გაზის, მტვრის, მილიარდობით ვარსკვლავისა და მათი სისტემების ერთობლიობა. გალაქტიკას მთლიანობას გრავიტაცია უნარჩუნებს. ჩვენს გალაქტიკა ირმის ნახტომს ცენტრში ასევე აქვს სუპერმასიური შავი ხვრელიც.

როდესაც ღამის ცაზე ვარსკვლავებს უცქერთ, თქვენ ირმის ნახტომის სხვა ვარსკვლავებს ხედავთ. თუ ქალაქის სინათლისგან შორს, წყვდიად სიბნელეში იმყოფებით, ალბათ შენიშნავთ ცაში გადაჭიმულ ირმის ნახტომის მტვრიან ზოლებსაც.

სამყაროში ძალიან ბევრი გალაქტიკაა. იმდენი, რომ მათი დათვლაც კი შეუძლებელია. მაგალითად, ცის ერთი ციცქნა მონაკვეთზე 12 საათის განმავლობაში დაკვირვებისას, ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის 10 000 გალაქტიკა აღმოაჩინა. მეცნიერთა აზრით, სამყაროში შეიძლება ტრილიონობით გალაქტიკა იყოს.

ზოგიერთი გალაქტიკა ჩვენსას ჰგავს და სპირალური ფორმა აქვს. მათ გააჩნიათ მოღუნული მკლავები ამის გამო, თითქოს ჯოხზე ჩამოცმულ ბზრიალა სათამაშოს ჰგვანან. ზოგ გალაქტიკას უფრო გლუვი და ოვალური ფორმა აქვს. მათ ელიფსურ გალაქტიკებს უწოდებენ. ასევე არსებობს გალაქტიკები, რომლებიც არც სპირალურია და არც ოვალური. მათ უსწორმასწორო ფორმები აქვთ და ბურთულებს ჰგვანან. სინათლე, რომელსაც ჩვენ თითოეული ამ გალაქტიკიდან ვხედავთ, მათში არსებული ვარსკვლავებიდან მოდის.

ზოგჯერ გალაქტიკები ერთმანეთს ძალიან უახლოვდებიან და ეჯახებიან. ჩვენი გალაქტიკა შორეულ მომავალში შეეჯახება მეზობელ გალაქტიკა ანდრომედას. ნუ დარდობთ, ეს დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის შემდეგ მოხდება. თუმცა, ხვალაც რომ მოხდეს, ვერც კი შევნიშნავთ. გალაქტიკები იმდენად დიდი და ბოლოებისკენ გაშლილია, რომ ერთმანეთთან შეჯახების შემთხვევაშიც კი, მათში არსებული ვარსკვლავები და პლანეტები ერთმანეთისგან მაინც შორს რჩებიან და არ ეჯახებიან.