შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1998 წელს დაბადებული პირი, პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის ძალადობით ხელის შეშლის და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 28 ივლისს ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცეს. მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი პირი შეეცადა, რომელსაც მძარცველმა ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი პოლიციამ დააკავა. დაკავების დროს მისმა თანმხლებმა პირმა პატრულ-ინსპექტორს წინააღმდეგობა გაუწია და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რომელიც სამართალდამცველებმა ასევე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.