სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ტაილანდის შვიდი მოქალაქე დააკავეს და 10 ობიექტი დახურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში, ნიკოლაძის, ვაშლოვანის, კოსტავასა და ახვლედიანის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას უხდიდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.