გახსნილი დანაშაული

მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დაკავებულია. ინციდენტი ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება და სავარაუდოდ, მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, რომელიც მან დაარღვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 29 წლის მამაკაცი, რომელიც ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ის მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით აიყვანეს. დანაშაული შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მამაკაცი რომელიც გლდანის რაიონში, ახლობელთან სტუმრად იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ  სიტუაციის დროულად განმუხტვა შეძლო. დაკავებულის ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და მისი მხრიდან არც მუქარის ფაქტს ჰქონია ადგილი.