გახარიას თანაპარტიელების უფლებამოსილების ცნობა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა დასკვნის პროექტს – გელა აბულაძის, ჯემალ ანანიძის, ქეთევან ბაკარაძის, რუსუდან თევზაძის, მალხაზ თორიას, შალვა კერესელიძის, სალომე კობალაძის, გიგა ფარულავას, ვიკა ფილფანის, გიორგი შარაშიძის, თამარ ხვედელიანისა და სოფიო ხორგუანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ. დასკვნის დოკუმენტი განსახილველად ბიუროს გადაეცა.

გიორგი გახარიას და მისი პარტიის 11 წევრს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილსა და ზვიად ძიძიგურს, სადეპუტატო უფლებამოსილება 2 ივლისის სხდომაზე შეუწყვიტეს.

„ქართულმა ოცნებამ“ გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლად საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა დაასახელა.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, სწორედ ამის საფუძველზე განიხილავს პარლამენტი გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხს.