გახარიას გამოკითხვა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე

ყოფილი პრემიერი ყოფილი თანაგუნდელების წინაშე. გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება ბოლო წუთებში შეცვალა და წინასწარ დაანონსებული უარის მიუხედავად, პარლამენტში მივიდა.

ოპოზიციაში წასული ექს-პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციას არ აღიარებს, თუმცა პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს ექვსი საათის განმავლობაში პასუხობდა. მოკვლევის თემა 2019 წლის 20 ივნისის საპროტესტო აქციის დაშლა იყო, რა დროსაც გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ვინ და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, რასაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა, რატომ არ დააყენეს სპეცრაზმი რკინის ჯებირის უკან, იღებს თუ არა პოლიტიკურთან ერთად სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ეთანხმება თუ არა ხელახალი გამოძიების ჩატარებას – ეს დღეს დასმული შეკითხვების მხოლოდ ნაწილია. შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დეპუტატებს უთხრა, რომ მხოლოდ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება გასცა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენებით პოლიციელებს კანონი არ დაურღვევიათ. კომისიის წევრებმა ყოფილ თანაგუნდელს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებზე არაერთხელ მიუთითეს და ტყუილში დაადანაშაულეს. კითხვა-პასუხის რეჟიმი საკმაოდ დაძაბული იყო. შეკითხვები დაისვა გახარიას გადადგომის მიზეზებზე და კონკრეტულ შეხვედრებზეც. „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა დღეს არ დამალა, რომ გუნდის დიდი ნაწილი პარლამენტში მისი მისვლის წინააღმდეგი იყო.