„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა საპარლამენტო საქმიანობა დაიწყეს
აკრძალვის საფრთხე არ ემუქრება გიორგი გახარიას პარტიას, რომელმაც ერთწლიანი ბოიკოტი დაასრულა და პარლამენტში შევიდა.
პარტიის წევრებს მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ. ბოიკოტის შეცდომად აღიარების და მანდატების მიღების მიუხედავად, პარტია მაინც არალეგიტიმურად მიიჩნევს პარლამენტს, სადაც ფრაქციას ქმნიან და საპარლამენტო თანამდებობების დაკავებასაც აპირებენ. გამოსვლებმა ხმაურიანი განცხადებების ფონზე ჩაიარა – არცთუ შორეულ წარსულში ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს მძიმე ბრალდებებს უყენებენ. ამჯერად საპარლამენტო ტრიბუნიდან ექსპრემიერის გუნდმა პარლამენტში შესვლის მიზეზები კიდევ ერთხელ განმარტა, თუმცა არცერთი არგუმენტი არ არის მისაღები ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი აქტორებისთვის, რომლებიც გახარიას პარტიას ოპოზიციას აღარ მიიჩნევენ. როგორც ჩანს, ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები ჰყავდნენ გუნდის შიგნითაც. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა მანდატზეც და პარტიაზეც უარი თქვა.