„გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.

პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, მანდატების შეწყვეტის შემდეგ, პარტიას ექვსი თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსებაც.