გახარია „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიანტი გახდა
პეტერ ფიშერის ქმედებებთან ერთად, გერმანია საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პერსპექტივას, არც ბერლინში მცხოვრები, უკვე ორ საქმეზე ბრალდებული გიორგი გახარიას ახალი საქმიანობა აჩენს. ექსპრემიერი, რომელსაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, „ჰერტის სკოლის“ მკვლევარი გახდა. ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას იწყებს. სწორედ გახარიამ უნდა დადოს დასკვნა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მმართველი გუნდი მიღებულ გადაწყვეტილებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს და გერმანიის მთავრობასთან ერთად „ჰერტის სკოლის“ ხელმძღვანელობასაც კითხვით მიმართავს – რა მიზნით დაასაქმეს ორ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანი. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერს გარე ძალებმა ახალი საქმიანობით, აგენტის როლი დააკისრეს. ხელისუფლებას არც იმის მოლოდინი აქვს, რომ ექსტრადირების მოთხოვნის შემთხვევაში, ბრალდებულ გახარიას ბერლინი თბილისს გადმოსცემს. ვიდრე „ქართული ოცნება“ განმარტებების მოლოდინშია, გახარიას გუნდში, მათი ლიდერისადმი წაყენებული ახალი ბრალდება არასერიოზულად ფასდება.