გაფორმდება თუ არა მემორანდუმი აშშ-სა და ირანს შორის

აშშ-ი და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასთან ძალიან ახლოს არიან. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მემორანდუმის ტექსტი შეთანხმებულია და მას შესაძლოა ხელი უახლოეს მომავალში მოეწეროს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი არ გამორიცხავს, რომ ეს დისტანციურადაც მოხდეს, ან შეხვედრა შესაძლოა შვეიცარიაში გაიმართოს, სადაც ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და ირანის პარლამენტის სპიკერი ჩავლენ. წყაროების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიცავს მოწოდებებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანული პორტების ამერიკული ბლოკადის მოხსნისკენ. ასევე, ვაშინგტონმა სანქციები უნდა მოხსნას გაყინულ ირანულ მილიარდობით დოლარის აქტივებს და ნავთობის ემბარგოს. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მასზე მოლაპარაკებები უკვე მოგვიანებით, მომდევნო 60 დღის განმავლობაში მოხდება, ვიდრე მხარეები საბოლოო ფინალურ შეთანხმებას გააფორმებენ. ირანელი დიპლომატი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ომანთან ერთად შეინარჩუნებენ. აბას არაღჩიმ თქვა ისიც, რომ ომიდან ირანი გამარჯვებული გამოვიდა. ამ განცხადებიდან მალევე, აშშ-ს ძალებმა რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდნენ და კომერციულ გემებს საფრთხეს უქმნიდნენ.