გაფორმდება თუ არა მემორანდუმი ამერიკასა და ირანს შორის

ამერიკის შეერთებული შტატები და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს უახლოეს 24 საათში მოაწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ავრცელებს, რომლის ქვეყანაც მოლაპარაკების პროცესში მედიატორის როლს ასრულებს. შარიფის თქმით, ემზადებიან ელექტრონული ხელმოწერისთვის, რასაც მომდევნო კვირაში ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მოჰყვება. „დარწმუნებული ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მტკიცე საფუძველს დაუდებს ხანგრძლივ მშვიდობას“ – წერს შარიფი პლატფორმა „იქსზე“. წყაროების ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიცავს მოწოდებებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და ირანულ პორტებში ამერიკული ბლოკადის მოხსნისკენ. ასევე, ვაშინგტონმა სანქციები უნდა მოხსნას ირანულ მილიარდობით დოლარის აქტივებს და ნავთობის ემბარგოს. რაც შეეხება ირანის ბირთვულ პროგრამას, მასზე მოლაპარაკებები უკვე მოგვიანებით, მომდევნო 60 დღის განმავლობაში გაიმართება, ვიდრე მხარეები საბოლოო შეთანხმებას გააფორმებენ. ირანელი დიპლომატი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ომანთან ერთად შეინარჩუნებენ. აბას არაღჩიმ თქვა ისიც, რომ ომიდან ირანი გამარჯვებული გამოვიდა. ამ განცხადებიდან მალევე, აშშ-ს ძალებმა რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდნენ და კომერციულ გემებს საფრთხეს უქმნიდნენ.