სასანქციო პაკეტი მიიღო დიდმა ბრიტანეთმაც. სანქციები დაუწესდათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და უწყების ოთხ მაღალჩინოსანს. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურთან ერთად სიაში არიან მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური. სანქციები აქტივების დაყადაღებასა და სამოგზაურო შეზღუდვებს გულისხმობს. განცხადების მიხედვით, დასანქცირებული პირები ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელი. იგულისხმება საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება. ინფორმაციას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის საელჩოც. განცხადებაში წერია, რომ სასანქციო სიაში მოხვედრილი პირები მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე არიან პასუხისმგებლები.