ჭიათურელ მაღაროელებს ხვალ ერთი თვის ხელფასის 60% დაერიცხებათ. ამის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება პროფკავშირების, „კომპანია ჯოჯიან“ მანგანეზისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული სამმხრივი კომისიის სხდომაზე მიიღეს. ამასთან, მისი განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ მაღაროელების უმეტესობას ბანკებთან ურთიერთობა გართულებული აქვს, ხელფასის 60%-ის დასარიცხად ისეთი ბანკი შეირჩა, რომელთანაც მათ ურთიერთობა აქამდე არ ჰქონიათ, რათა დარიცხული თანხა სრულად აიღონ და საბანკო ვალდებულებებში არ გაექვითოთ. ამასთან, გაერთიანებულ პროფკავშირებში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია იურისტებს დაიქირავებს, რათა მაღაროელებს ბანკებთან ურთიერთობების მოგვარებაში დაეხმარონ. კიდევ ერთი საკითხი ვაუჩერებს ეხება. პეტრიაშვილის განცხადებით, გაერთიანებული პროფკავშირები მაღაროელებს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებს, რათა მათ პირველადი მოხმარების სურსათის შეძენა შეძლონ.