გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, "საქნახშირის" ადმინისტრაცია მეშახტეებზე ზეწოლას ახორციელებს

გაერთიანებული პროფკავშირების განცხადებით, “საქნახშირის” ადმინისტრაცია ამ დრომდე დასაქმებულ მეშახტეებზე სხვადასხვა მეთოდებით ზეწოლას ახორციელებს. პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში კომპანია “საქნახშირი ჯი აი ჯი” მეშახტეებს მოუწოდებს, განაგრძონ შრომითი საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ მოცდენილი დღეების ანაზღაურებას, რაც, მისი თქმით, კანონის უხეში დარღვევაა და ეწინააღმდეგება პრემიერის განცხადებას შახტებში საქმიანობის შეჩერების შესახებ.

პროფკავშირებში პრემიერის განცხადებას ტყიბულში შახტების დახურვასთან დაკავშირებით, მიესალმებიან, თუმცა, მას დაგვიანებულად მიიჩნევენ. პროფკავშირები “საქნახშირის” ადმინისტრაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დასაქმებულებზე ზეწოლა და შეაჩეროს ყოველგვარი საქმიანობა შახტებში მანამ, ვიდრე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები შესაბამის დასკვნას არ დადებენ.

ასევე, მთვარობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოიწვიოს სამმხრივი კომისიის სხდომა, სადაც დაუყოვნებლივ იქნება განხილული ყველა ის საკითხი, რომლითაც პროფკავშირებმა შრომის რეგულაციებთან დაკავშირებით, მთავრობას ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილში მიმართა, თუმცა, პროფკავშირების ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, მთვარობამ ეს არ გაიზიარა.