გაერთიანებული კომიტეტების სხდომა

პროკურატურის მოთხოვნის გამო პარლამენტში დილიდან ხმაური იყო. საგამოძიებო უწყების შუამდგომლობას ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რამდენიმე საათის განმავლობაში მწვავე განცხადებების და ურთიერთბრალდებების ფონზე განიხილავდნენ.

დარბაზში არაერთხელ მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ნიკა მელიას თანაგუნდელებმა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა პროკურატურის წარმომადგენელს იმ მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვეს, რის საფუძველზეც დეპუტატის მიმართ ბრალის დადგენილებაა გამოტანილი.

გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი ჩვენებები და ვიდეომასალა.