გაერო-ში ევროკავშირის მუდმივმოქმედი წარმომადგენლობის განცხადება
გაერო-ში ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადასინჯოს ბოლო დროს მიღებული კანონმდებლობა. მიშელ ჩერვონე დურსომ აღნიშნული განცხადება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გააკეთა. განცხადებას ასევე შეუერთდნენ ალბანეთი, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონტენეგრო და ჩრდილოეთ მაკედონია. სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. განცხადებაში ცალკე თემატური ბლოკი დაეთმო საქართველოს. მისი თქმით, უახლესი კანონმდებლობა ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ჩერვონე დურსოს განცხადებით, ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის მუშაკებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაკავებას.