გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება

12 წელი 2008  წლის აგვისტოს ომიდან და გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა – დახურულ  შეხვედრაზე  აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს, ასევე ახალი წევრების, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით, ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა. განცხადების ავტორები წუხილს გამოთქვამენ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად, 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს“ – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, განცხადების ავტორები  შეშფოთებას გამოხატავენ ბორდერიზაციის გამო.