გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადება

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ სხდომაზე. რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულ განცხადებაში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დაგმობილია გაერო-ს ქარტიის დარღვევით საქართველოში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგრძობადი უკანონო სამხედრო ყოფნა. დოკუმენტში ღრმა შეშფოთებით აღნიშნულია ის ფაქტი, რომ რუსეთმა არ შეასრულა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ევროპის, ცენტრალური აზიისა და ამერიკის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, გააკეთა მოხსენება და საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა. სხდომის  შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადებით წარდგნენ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის – ლატვიის წარმომადგენლები. განცხადების თანახმად, ქვეყნები რჩებიან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების  ერთგულნი“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.