უკრაინაში ომის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭომ თავისი პირველი განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს „დავის“ მშვიდობიანი გადაწყვეტის მცდელობაში. „უშიშროების საბჭო შეგახსენებთ, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ, გაერო-ს წესდების თანახმად, აიღო ვალდებულება, მოაგვაროს თავისი საერთაშორისო დავები მშვიდობიანი გზით. უშიშროების საბჭო გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას გენერალური მდივნის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მიმართული ძალისხმევის მიმართ,“- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების დამტკიცებას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭომ პირველად ერთხმად ისაუბრა უკრაინაში მშვიდობისთვის. „მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა გააჩუმოს იარაღი და დაიცვას გაერო-ს ღირებულებები,“ – წერს გუტერეში „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რუსეთმა, რომელიც ვეტოს უფლებით სარგებლობს, უშიშროების საბჭოს მიერ განცხადების მიღების ყველა წინა მცდელობა შეაჩერა. საბჭოს რეზოლუციის მისაღებად საჭიროა ცხრა წევრის მხარდაჭერა და ასევე ის, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვეტოს უფლება არ გამოიყენონ.