გაერო-ს რეზოლუციას უკრაინის შესახებ საქართველომ მხარი დაუჭირა – შეფასება

15:01, 19.12.2025

გაერო-ს რეზოლუცია უკრაინის შესახებ: „ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში“ – ამ სახელწოდების დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც დაუჭირა, 16 წინააღმდეგ წავიდა, 73-მა კი – ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ უკრაინის ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ძალის გამოყენებით მიტაცება უკანონოა და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ასევე ადასტურებს, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში, უკრაინისთვის დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს. გაერო ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი არ ასრულებს გაერო-ს სისტემის საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებს. ორგანიზაცია გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს და უკრაინის ტერიტორიის ნაწილის, მათ შორის ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეული ტერიტორიების დროებით ოკუპაციას. რეზოლუციაში ვკითხულობთ: „საოკუპაციო ძალა არ იცავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებსა და ხელშეკრულებებს, რომელთა მხარეც უკრაინაა, რაც ზღუდავს უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების შესაძლებლობას, ისარგებლონ ადამიანის უფლებებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით. დოკუმენტი ეფუძნება რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დამოუკიდებელი საერთაშორისო კომისიის დასკვნებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებითი გაუჩინარებისა და წამების შემთხვევებს ადასტურებს. გაერო გმობს რუსეთის უარს გატაცებული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების ბედის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით. და მოუწოდებს რუსეთს უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შეუფერხებელი წვდომა იმ ადგილებში, სადაც ტყვეები იმყოფებიან. გაერო ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა განახორციელოს ტყვეების სრული გაცვლა და გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის თურქეთიც არის, სომხეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, აზერბაიჯანს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს რუსეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ჩინეთმა, ირანმა, ბურუნდიმ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ, კუბამ, ერიტრეამ, მალიმ, ნიკარაგუამ, ნიგერიამ, სუდანმა, ზიმბაბვემ და ეკვატორული გვინეამ.

მსგავსი