გაერო-ს რეზოლუცია

15:35, 04.06.2025

 გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს 63 ქვეყნის მიერ იყო ინიცირებული, მხარი დაუჭირა რეკორდული რაოდენობის – 107-მა ქვეყანამ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და ის მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი