გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. თავდაპირველად ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან. უკრაინის რეზოლუციის თანასპონსორი იყო ევროკავშირი. ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა აშშ-მა. აღნიშნული რეზოლუციის კენჭისყრაში არ მონაწილეობდა საქართველო. ასევე კენჭი უყარეს მეორე რეზოლუციას სახელწოდებით „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც აშშ-ის ავტორობით იყო წარდგენილი. ეს რეზოლუცია მიიღეს მხოლოდ ასამბლეის მხრიდან შეტანილი შესწორებებით, კერძოდ დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაერო-ს ქარტიის დარღვევით, შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში. უკრაინამ ამ რეზოლუციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ასევე, თავი შეიკავა საქართველომ. შესწორებებით მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა აშშ-მაც. ორი რეზოლუციის მიღების საკითხს აფასებენ როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაშიც.