გამოსვლა, რომელსაც მსოფლიო ლიდერები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ. გაერო-ს ასამბლეაზე გენერალური დებატები გაიხსნა.
ცოტა ხნის წინ მსოფლიოს დონალდ ტრამპმა მიმართა. გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომს დაეთმო, რომლის ვერ დასრულების გამო ამერიკის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. ტრამპმა გააკრიტიკა გაერო და საყვედური გამოთქვა ნატოს წევრი ქვეყნების მიმართ, შეთანხმების გაფორმებაზე უარის შემთხვევაში კი რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების ამოქმედება დააანონსა. ომები, კონფლიქტები, შეტაკებები, ჰუმანიტარული კრიზისი – გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესია გლობალური გამოწვევებით სავსე პერიოდს დაემთხვა. ნიუ იორკში შეკრებილი სახელმწიფო მეთაურებისა და ლიდერების მიმართვები სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებს და პროცესში გაეროს როლს ეხება. „გაერთიანებული ერების პრინციპები ალყაშია“ – ასე დაასრულა საკუთარი სიტყვა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს არა პრემიერი, არამედ პრეზიდენტი წარადგენს. ორ დღეში გენერალურ დებატებზე სიტყვით მიხეილ ყაველაშვილი გამოვა. მიმდინარეობს ორმხრივი შეხვედრებიც.