გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია
2025 წლის 8 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია სახელწოდებით, „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, კონსენსუსით პირველად გავიდა. რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას