გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ – ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეომიმართვის საშუალებით წარადგინა. გუშინ მიღებულ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და საკუთრების უფლებების დარღვევის, გატაცებების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რეზოლუცია სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მის მიღმა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის განგრძობითი პროცესის გამო, მათ შორის, „კოვიდ-19“ პანდემიის დროს. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა საბჭო, მიღებული რეზოლუციით ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე, რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს წარუდგინოს ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

მოამბე

დატოვე კომენტარი