გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო - რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება დოკუმენტში

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე ვითარების გამო. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება – მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის  უზრუნველყოფა.

ქართული მხარის მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის დელეგაციებმა. რეზოლუციის განხილვისას სიტყვით ასევე გამოვიდა შვეიცარიის კონფედერაცია, რომელმაც გაიზიარა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით და ასევე მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მაისის განცხადებას, რომელშიც მან დაადასტურა მზადყოფნა კონსტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად.