გაერო-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, უკანონო დაკავებების, სიცოცხლის, საკუთრებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, ასევე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა საბჭო ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზოლუციაში არის მოწოდება, მოხდეს უმაღლესი კომისრის ოფისისა და მონიტორინგის სხვა მექანიზმების დაუყოვნებლივი შეღწევის უზრუნველყოფა.

ამასთან, ადამიანის უფლებათა საბჭო მიღებული რეზოლუციით ავალებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარმოადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით, საბჭოს მომდევნო – 41-ე და 42-ე სესიებზე.

გაერო-ში მხარდაჭერილ რეზოლუციას შეფასებები მოჰყვა თბილისში. ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი რეზოლუციები გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი და მუდმივად ახსენებს პარტნიორებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადგილზე ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას, რაც რუსეთის წინააღმდეგობის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მსგავსი ინსტრუმენტების რეგულარულად გამოყენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ რეზოლუციას ახალი მხარდამჭერებიც ჰყავს. აქ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ საბჭოს მეორმოცე სხდომაზე ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საკითხიც გაჟღერდა.