გადახდის ახალი სისტემა ტაქსებში

ტაქსის მძღოლებისთვის მიცემული ვადა იწურება. მანქანების თეთრად შეღებვის ან ფირების გადაკვრის პროცესი 10 აგვისტოს დასრულდება. მძღოლები, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ამოქმედებულ რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, საქმიანობას შეწყვეტენ ან „ბე კატეგორიაში“ გადავლენ,  ეს კი ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ გამოძახებით იმუშავებენ. ამავე რეფორმის ფარგლებში, ინერგება ტაქსით მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი ფორმა. მგზავრებს თანხის გადახდა მძღოლებისთვის განკუთვნილი სპეციალური კოდებით შეეძლებათ – ანუ ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად, თანხა მძღოლის საბანკო ანგარიშზე აისახება, რაც მათ საბანკო ისტორიის და შესაბამისაც სესხების აღების საშუალებას მისცემს.