გადადებული ვიზიტი სტრასბურგში - შეფასებები

მთავრობის ადმინისტრაცია სტრასბურგში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება და ასევე აქვეყნებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის განკარგულებებს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება. მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში მიიღო. მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციებს შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა 12 აპრილს და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა 17-19 აპრილს სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით“ – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში. მანამდე კი, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და დაადანაშაულა მთავრობა. „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო, გადაიდო უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ და არა პირიქით. ევროპარლამენტისადმი მიმართვა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრების შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული კანდიდატის სტატუსის გასამყარებლად. ამიტომ, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ერთად იქნება შერჩეული გამოსვლის სათანადო დრო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.