ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნედ ქცეული ბავშვები 

ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობისკენ მოწოდება საჯაროდ – გიგი უგულავას მიერ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ოპოზიციიდანაც კი გაემიჯნენ.

ოპოზიციონერი ლიდერის თავდასხმის სამიზნედ გლდანის ციხის ხელმძღვანელის მოადგილე და მისი შვილი იქცნენ. უგულავამ სამართალდამცველი ჯალათად გამოაცხადა, მისი შვილის კლასელებს და მეგობრებს კი პრაქტიკულად ბავშვის დაბულინგებისკენ მოუწოდა. არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის წახალისების მოტივით საჯარო მიმართვას უფლებადამცველების მწვავე რეაქციები მოჰყვა. მოწოდება ბავშვის ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნია სახალხო დამცველმაც. გიგი უგულავამ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, მანამდე კი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის მისსავე თანამოაზრეებს იმის შეხსენება დასჭირდათ, რომ პოლიტიკური დაპირისპირება ბავშვებს არ უნდა შეეხოთ.