ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი ბავშვებისთვის

ჯანდაცვის მინისტრმა ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების პირველი, ახალგახსნილი ცენტრი დაათვალიერა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მთავარი მიზანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რე-ტრავმებისაგან დაცვა და საგამოძიებო მოქმედებების და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში თავმოყრაა. ცენტრში ბენეფიციარები სათანადო შეფასებას გადიან და შესაბამისი მკურნალობითა და მხარდაჭერით სარგებლობენ. ამავე სივრცეში მიმდინარეობს საგამოძიებო-სარეაბილიტაციო პროცესები. ცენტრის დათვალიერების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის კონფერენცია და პანელ-დისკუსიები გაიმართა, რომელშიც პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის პარტნიორობით გაიხსნა. მის შესაქმნელად სკანდინავიური მოდელი გამოიყენეს, რომელიც სხვა ქვეყნებში და მათ შორის ესტონეთში ხორციელდება.