ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები საქართველოში

საქართველოს ფრირაიდის მიმართულების საერთაშორისო დელეგატები ეწვივნენ.

მთის ტრასების საგენტოსა და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით, დელეგატებმა მოინახულეს სვანეთი და დაათვალიერეს ის შესაძლო არეალები, სადაც უმაღლესი რანგის ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარებაა შესაძლებელი. ფრირაიდი ზამთრის სპორტის სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით. საქართველომ კურორტ თეთნულდზე, უკვე ორჯერ უმასპინძლა ფრირაიდის საკვალიფიკაციო ეტაპებს. მასში 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველო შესაძლოა გახდეს უმაღლესი რანგის, ფრირაიდის მსოფლიო ტურის მასპინძელი ქვეყანა, ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის. საბოლოო გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე საფრანგეთის ქალაქ ანესში გახდება ცნობილი.