„ფრიდომ ჰაუსმა“ ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დაშვებული შეცდომები აღიარა და ჩაასწორა

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ფრიდომ ჰაუსმა“ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 ანგარიშში ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით დაშვებული შეცდომები აღიარა და ჩაასწორა.  ორგანიზაციამ დოკუმენტში შესწორება 14 მაისს შეიტანა. მასში აღნიშნულია: „აღნიშნული ანგარიშის წინა ვერსიაში არასწორად იყო ნათქვამი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ტელეკომპანია „იმედზე“ მფლობელობა დაუბრუნა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. ოჯახს სამაუწყებლო კომპანიაზე კონტროლი დაუბრუნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ამას გარდა, ამავე ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო მითითებული, რომ ტელეკომპანია „იმედის“, ტელეკომპანია „მაესტროს“ და “ჯი-დი-ეს“-ის გაერთიანება „შერწყმა“ იყო, სინამდვილეში ეს გაერთიანება ორი ტრანზაქციის შედეგი იყო“, – აღნიშნულია “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის შესწორებაში, რომელიც ანგარიშს ერთვის.

შეგახსენებთ, მანამდე ორგანიზაციამ ანგარიშში საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაშვებული შეცდომაც აღიარა.