ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ოთხმა დეპუტატმა დატოვა

ხმაურიანი სხდომა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ნიკა მაჭუტაძემ, როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა და ბაჩუკი ქარდავამ ფრაქცია დატოვეს. საგანგებო შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – მაჭუტაძემ, ჩხეიძეებმა, ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა – დღევანდელ კენჭისყრაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობის სამ კანდიდატს ხმა მისცა. შედეგად სამივე კანდიდატურამ საბჭოში ასარჩევად საჭირო 90-ზე მეტი ხმა დააგროვა. თანაგუნდელების რეაქცია საკმაოდ მწვავე აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თანაფრაქციელები „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში დაადანაშაულეს და კარისკენ მიუთითეს. თავად მაჭუტაძე და ჩხეიძეები საბჭოს წევრობის კანდიდატების მხარდაჭერას გაუგებრობით და ინფორმაციის ნაკლებობით ხსნიან. მათ მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე არ იმყოფებოდა ბაჩუკი ქარდავა, თუმცა ლევან ბეჟაშვილი ადასტურებს, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ქარდავამაც დატოვა.

თათია ტაბეშაძემ მოისმინა „ნაციონალური მოძრაობის“ ხმაურიანი სხდომის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.