ფრანკოფონიის თვე ოფიციალურად გაიხსნა

საქართველოს განათლების სამინისტროში ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა. ფრანგული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლის მასწავლებელი კახაბერ ფარცვანია გახდა, რომელსაც საპატიო ჯილდო და შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით გამარჯვებული პედაგოგი ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებას საფრანგეთში გაივლის.

ფრანკოფონიის თვის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილემ, ურს ბეერმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.