ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნა

„სადაც საქართველოა საპატიო სტუმრის რანგში, სწორედ იქ არის ევროკავშირის ადგილიც“ – ეს ფრაზა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა.

ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. მამუკა ბახტაძემ აქცენტი ქართული კულტურის უნიკალურობასა და მრავალფეროვნებაზე გააკეთა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი ჩვენი ქვეყნის პავილიონში მამუკა ბახტაძესა და ფედერიკა მოგერინის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა.

საქართველოს სტენდზე ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემაა წარმოდგენილი. 14 ოქტომბრამდე  72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე შეხვდება.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა, სადაც  1947 წლიდან 2018 წლამდე შექმნილი ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა თბილისში მოგზაურობისას გადაიღეს. ექსპოზიცია 71-წლიან პერიოდს მოიცავს და იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო მაგნუმ ფოტოს“. გამოფენას ასრულებს მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები. თბილისის მერმა გამოფენა პრემიერ-მინისტრთან და  დელეგაციის წევრებთან ერთად დაათვალიერა.