ფრანგული გამოცემა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე

„საქართველო – საოცრება, რომელიც ამ ზაფხულს უნდა აღმოაჩინოთ“ – ამ სახელწოდებით, ფრანგული გამოცემა „ლე ფიგარო“ საქართველოსა და მის ტურისტულ პოტენციალს სტატიას უძღვნის.

სტატიაში, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში მომზადდა, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც კოლხეთის სამეფოს მემკვიდრეს, თავისი ხიბლი არასოდეს დაუკარგავს, პირიქით, საუკუნეების განმავლობაში ის უფრო მიმზიდველი გახდა. საქართველო იდეალური ადგილია მათთვის, ვინც მთის ლაშქრობებსა და ზღვისპირა დასვენებას ერთდროულად ეძებს. „საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, ღვინის უწყვეტი წარმოების რვა ათასწლოვანი ტრადიციის ქვეყანაა, რომელიც ამაყობს ქვევრის ტექნიკით – მიწაში ჩამარხული თიხის დიდი ჭურჭლებით, რომლებშიც ღვინო ბუნებრივად მწიფდება. ეს ტექნოლოგია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და განსაკუთრებით კახეთის რეგიონში ინახება და სრულყოფილდება. მოსავლის აღების სეზონი კი ერთგვარი მხატვრული სანახაობაცაა – ვენახები ოქროს ფერებში ბრწყინავენ, თითქოს ქვეყნის უძველეს მითებს აცოცხლებენ“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი ასევე თბილისზეც წერს, როგორც თანამედროვეობისა და მემკვიდრეობითი სილამაზის ნაზავზე, სადაც თანაარსებობენ თანამედროვე არქიტექტურა და ძველი ქალაქისთვის დამახასიათებელი ჭრელი სახლები. ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთში სხვადასხვა მარკეტინგულ შეხვედრებს მართავს, სადაც საქართველოს შესახებ ინფორმაციას ტურისტულ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს და ბლოგერებს უზიარებს. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, ბილბორდებზე საქართველოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.