ფოთში არასრულწლოვანმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა

იაშვილის კლინიკის ექიმები 6 წლის ბავშვის დახმარებას ცდილობენ. პაციენტი თბილისში რეანიმობილით ფოთიდან ჩამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა მილების საწმენდი ქიმიური საშუალება „კროტი“ დაღეჭა. შემთხვევა ფოთის ერთ-ერთ მაღაზიაში მოხდა.

დაშავებული ბავშვი ადგილზე ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც მას სავარაუდოდ, შემთხვევით, კონსულტანტ-გამყიდველმა ტკბილეულის შეფუთვის ნაცვლად, საოჯახო ქიმიის პროდუქტი მიაწოდა. ის თავდაპირველად ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს.

ექიმების შეფასებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, რომ ანალოგიური შემთხვევით საავადმყოფოში კიდევ ერთი ბავშვია მოთავსებული.

ორივე პაციენტს უტარდება დამატებითი კვლევები.