ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული ზღვარი იზრდება
ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, 80 ათასზე მეტ პირს ქონების გადასახადის ვალდებულება აღარ ექნება. ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ქონების გადასახადთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი, 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს აღარ გადაიხდის. დღეს, მოქმედი წესით, ამ ოჯახებს ჯამურად დაახლოებით 22 მილიონი ლარის ქონების გადასახადის გადახდა მოუწევდათ. ცვლილების ამოქმედების შემდეგ ეს ვალდებულება მათ აღარ ექნებათ. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, რათა შესაბამისმა პირებმა უკვე მიმდინარე წელს ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით.