ნიკო ფიროსმანის ტილო „ბატკანი“ შესაძლოა ძველ მეპატრონეს დაუბრუნდეს. პროკურატურამ მსჯავრდებულ მზია შალვაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მესაკუთრეს დაუბრუნდება ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფერწერული ნამუშევარი.
2012 წელს მოქალაქე შალვაშვილი დამნაშავედ ცნეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის. საქმის თანახმად 2008-2009 წლებში მან, როგორც ანტიკვარული ნივთების სალონის ხელმძღვანელმა, მოქალაქე დამიანე ალანიას, რომელიც ფლობდა ნიკო ფიროსმანის ნამუშევარს, ყალბი ოფიციალური ქვითარი დაუმზადა, თითქოს ამ უკანასკნელმა ფიროსმანის ნახატი მზია შალვაშვილის სალონში შეიძინა. მაშინ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ამ ქმედებით მზია შალვაშვილი დამიანე ალანიას დაეხმარა, უკანონოდ მოპოვებული ქონება მიესაკუთრებინა. თუმცა, დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადასტურდა მზია შალვაშვილის უდანაშაულობა და გაირკვა ახალი გარემოებები, რომელიც ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის წარმომავლობის კანონიერებას ადასტურებს.