ფინეთი ნატოს 31-ე წევრი გახდა

ისტორიული დღე ნატოსთვის. ორგანიზაციის შტაბ-ბინის წინ დღეიდან უკვე 31 დროშა ფრიალებს.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა მრავალწლიანი ნეიტრალიტეტი დაასრულა – რუსეთის მოსაზღვრე ფინეთი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა. „რუსეთს სურდა ნაკლები ნატო, მაგრამ მეტი ნატო მიიღო“, – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მოსკოვს იენს სტოლტენბერგმა გაუგზავნა. ფინეთის შემთხვევაში ეს იყო გაწევრიანების ყველაზე სწრაფი პროცესი ინტეგრაციის თანმდევი მთავარი ინსტრუმენტის, მაპის გარეშე. ნატოს გაფართოებით ევროპის უსაფრთხოების ლანდშაპტის შეცვლაზე მკვეთრად უარყოფითი რეაქცია აქვს რუსეთს. მოსკოვი სკანდინავიის მიმართულებით სამხედრო აღჭურვილობის გაზრდას გეგმავს. უკრაინის ომის დაწყებისთანავე ფინეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო შვედეთმაც, თუმცა მისი ინტეგრაციის საკითხს თავდაპირველი შეთანხმების დარღვევის არგუმენტით თურქეთი ამ დრომდე ბლოკავს.