ფინანსთა სამინისტროს განცხადება 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დროულად წარმოადგინონ დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები. სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასსა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება. პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ექვსი თვის განმავლობაში.