ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში.

ვიზიტის პირველ დღეს, მაჭავარიანი შეხვდა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს.

მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში დაგეგმილ მასშტაბურ რეფორმაზე.

ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრი შეხვდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს, ჯორჯინა ბეიქერს.